კოლეგებთან თანამშრომლობა

მასწავლებლის პროფესიული კომპეტენცია იმით განისაზღვრება, რამდენად შეესაბამება მისი ცოდნა, უნარ-ჩვევები და განწყობა-დამოკიდებულებები მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, ხოლო ქმედება - პროფესიული ეთიკის კოდექსს. ამის მიხედვით ფასდება, წარმატებულია თუ წარუმატებელი პედაგოგის საქმიანობა. ერთ-ერთი არსებითი ასპექტი, რომელსაც მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტსა თუ პროფესიული ეთიკის კოდექსში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, კოლეგიალობაა. მასწავლებელს, თუ ის გულწრფელია და აქვს თვითშეფასების უნარი, თავის პროფესიულ კომპეტენციაზე მართებულ წარმოდგენას ისიც უნდა უქმნიდეს, რამდენად შეუძლია კოლეგებთან ურთიერთობა.
პედაგოგთა კოლეგიალობა - ეს არის მუდმივი მზადყოფნა თანამშრომლობისთვის, პედაგოგიური გამოცდილების, ხელმისაწვდომი ინფორმაციისა თუ ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციების უანგარო გაზიარებისთვის, რაც, თავის მხრივ, აუცილებელი წინაპირობაა როგორც თავად მისი, ასევე მისი კოლეგების პროფესიული განვითარებისა და სწავლება-სწავლის ხარისხის უზრუნველყოფისა, საბოლოო ჯამში კი - სკოლის პრესტიჟისა და მისი შემდგომი განვითარებისა.
პედაგოგების ერთმანეთისადმი კოლეგიალური დამოკიდებულება პოზიტიური მაგალითია მათი აღსაზრდელებისა თუ მშობლებისთვის. ამასთან, ეს დამოკიდებულება განსაზღვრავს კოლექტივის საერთო სოციალურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, კლიმატს.
პედაგოგიური კოლექტივის პოზიტიური სოციალურ-ფსიქოლოგიური კლიმატი ძალზე მნიშვნელოვანია სასწავლო დაწესებულების ნორმალური ფუნქციობისთვის. თუ კლიმატი დადებითია, კოლექტივის წევრები ერთმანეთთან ურთიერთობით კმაყოფილნი არიან, აქვთ კარგი სამუშაო განწყობა, ახალგაზრდა პედაგოგებს უადვილდებათ კოლექტივში ადაპტაცია. თუ პედაგოგებს განვითარებული აქვთ კოლექტიური იდენტობა, კრიტიკისა და თვითკრიტიკის, ერთობლივი ქმედებისას წარმატებისა და წარუმატებლობის გამო პასუხისმგებლობის გადანაწილების, კონფლიქტების პრევენციისა და მართვის უნარები, კოლექტივი ერთიანია, მიზნები და ამოცანები - გაცნობიერებული, ერთობლივი შემოქმედებითი მუშაობა - აქტიური.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სასწავლო პროცესის დახვეწისა და მასწავლებელთა პროფესიული ზრდისთვის მნიშვნელოვანია, მასწავლებელს შეეძლოს ჯანსაღი კონსტრუქციული კრიტიკის (და არა ქილიკის ან ბრალდების) მოსმენა და მიღება-გათვალისწინება, ასევე - კოლეგის დელიკატური, კონსტრუქციული კრიტიკა. ამგვარი მიდგომა ხელს შეუწყობს წარსული შეცდომების გაანალიზებას და მომავალში მათ თავიდან აცილებას.

სწორედ ამით არის ნაკარნახევი დასავლურ საგანმანათლებლო სივრცეში მასწავლებელთა ურთიერთანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სტრატეგიის - კრიტიკული მეგობრების ინსტიტუტის – დანერგვა; სტრატეგიისა, რომელიც სასწავლო პროცესში მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვებას ითვალისწინებს. სწორედ დაკვირვებაა ყველაზე ხელმისაწვდომი და გავრცელებული მეთოდი პედაგოგიური პრაქტიკის შესასწავლად.







No comments:

Post a Comment